ახალი ამბები
ზუგდიდში ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს (ვიდეო)
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალისა და კლინიკა "გულის" მედპერსონალი"თეთრი ხალათების აქციას" შეუერთდა და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ კოლეგას ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. ისინი გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკოლოზ ჭეჟიამ ოს და აფხაზ კოლეგებს, მათ გვერდით ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მედიცინას საზღვრები არა აქვს.

„ქვეყნის მასშტაბით "ევექსის" 3000-მდე ექიმია დღეს გარეთ გამოსული. გვინდა პირველ რიგში ოს და აფხაზ კოლეგებს მოვუწოდოთ გამოვიდნენ და ჩვენს გვერდით დადგნენ, ქართველი ექიმის გვერდით და მოითხოვენ მისი დროული გათავისუფლება. იმიტომ, რომ მედიცინას საზღვრები არ აქვს. თავისუფლება ვაჟა ექიმს“, - თქვა ნიკოლოზ ჭეჟიამ.

კლინიკა "გულის" ექიმის სოფიო ბიგვავას თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია და ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

„ექიმები სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა ექიმს. ის არის ჩვენი გმირი. ვუერთდებით აქციას და მის გათავისუფლებას ვითხოვთ“, - ამბობს სოფიო ბიგვავა.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს მასშტაბით იმართება.

Print