რეგიონი
მესტიის ორ სოფელში ტყის ქვედა საფარი იწვის (ვიდეო)
მესტიის სოფლებში ცხუმარსა და ეცერში ტყის ფერდობებზე ქვედა საფარი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.  ეწერში მერის წარმომადგენლის ომეხ ხორგუანი ინფორმაციით, ცეცხლი, დაახლოებით, 5 ჰექტარზეა გავრცელებული.

" ხეებს არ უკიდია, ქვედა საფარი - გამხმარი ფოთლები, ტოტები და წაქცეული ხეები - იწვის. იმ ტერიტორიაზე, სადაც წიწვოვანი ხეებია უფრო ძლიერია ცეცხლი. ახლა მეხანძრეები გამოვიდნენ, ვერ მუშაობენ, რადგან საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანებაა. გამოიძახეს ვერტმფრენი, მაგრამ ახლა ისიც ვერ იმუშავებს", - თქვა ხორგუანმა.

ცხომარში მერის წარმომადგენლის თამაზ სუბელიანის თქმით, ეცერის მსგავსად, აქაც მთის ფერდობის ქვედა საფარი იწვოდა და ამჟამად ცეცხლი თითქმის მთლიანად ლოკალიზებულია.

"შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლი არსად არ არის. დაახლოებით, სამ ჰექტარზე დაიწვა ტყის ქვედა ფენა", - აღნიშნა სუბელიანმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე 45 მეხანძრეა მობილიზებული და ცეცხლის ლიკვიდაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 


ვიდეო - მესტიის მერია

ვიდეო - მესტიის მერია





Print