რეგიონი
ბათლომე შელია: დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ააიპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტები არიან (ვიდეო)
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროზე სიმბოლურად ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ასევე აქ არიან სხვადასხვა ააიპ-ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ შენობაში მუშაობენ და აქციის მონაწილეებს მასში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მომხრეები მათ მუშაობაში უშლიან ხელს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ბათლომე შელია, აცხადებს, რომ „ყველა ააიპ-ებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან დასაქმებული.

"ეს დღე ამის ნათელი მაგალითია და ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. ააიპ-ების თანამშრომლები პოლიციელებთან ერთად არ გვიშვებენ შენობაში, არადა ისინი ახლა სამსახურეობრივ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ", - თქვა შელიამ.

აქციის მონაწილე ერთ - ერთმა ახლაგაზრდამ აღნიშნა, რომ მათ დღეს აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.

„გავრილოვი რომ მოვიდეს, იმას შეუშვებენ. ჩვენ კი ქართველ ახალგაზრდებს,პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მოგვცეს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი", - თქვა მან.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები მაჟორიტარის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას და ბიუროს კარებზე სიმბოლურად, ბოქლომის დადებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები.



Print