რეგიონი
თბილისში აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაშალეს
თბილისში მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს. აქციის მონაწილეები ქვარაიას "მთავარის" პრესკლუბში დახვდნენ და პრესკონფერენციის ჩატარების ნება არ მისცეს. მათ დეპუტატს პასუხი მოსთხოვეს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი პროპორციული არჩევნების კანონპროექტს. აქციის მონაწილეებმა მას "ივანიშვილის ხელის ბიჭი", "მონა" და "სამარცხვინო" უწოდეს.

თავის მხრივ, ქვარაიამ მომხდარს ოპოზიციური პარტიების ლიდერების მართული უწოდა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

"ასეთი დავალებებით აგზავნიან ამ ახალგაზრდებს, მაგრამ მინდა ვუსურვო მათ ყოველივე საუკეთესო. მათ უკვე თქვეს, რომ ისინი არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები", - თქვა ქვარაიამ.

საპროტესტო აქცია ასევე ზუგდიდში, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მაჟორიტარის ბიუროს "დაბოქლომება" სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა, იქვე მობილიზებულმა მერიის ააიპ-ების თანამშრომლებმა და მოქალაქეებმა არ მისცეს.

Print