ახალი ამბები
თემურ ნადარაია: სკოლებში ქართული ენის ნაცვლად შეგვიძლია მეგრული ენის სწავლება დავიწყოთ
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ „ნუჟნაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათი მუშაობის მთავარი ამოცანა რაიონის მოსახლეობის აფხაზეთის
ეთნოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირებაა. თუმცა, ამაში მათ "საქართველო უშლის ხელს", რომელიც მისი თქმით, "მუდმივად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში", განსაკუთრებით, განათლების სფეროში.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისმა გალელი აბიტურიენტებისთვის შეღავათები დააწესა, რათა მათ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ რაიონის სკოლადამთავრებულებს "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში" უფასოდ იღებენ.

"ამის შედეგად, 160 მოსწავლე წავიდა საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად და ისინი ძირითადად, ტყვარჩელის და გალის რაიონებიდან არიან. რაიონიდან მხოლოდ 30 ბავშვი ჩაირიცხა აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებელში", - უთხრა გამოცემას ნადარაიამ.

მან ასევე თქვა, რომ სიტუაციის შესაცვლელად ისინი მზად არიან სხვა ზომებს მიმართონ, მათ შორის, ერთ -ერთი იქნება ბინადრობის მოწმობის გაუქმება იმ უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც "აფხაზეთის ტერიტორიას 6 თვეზე მეტი ხნით დატოვებენ.

"მათ აფხაზეთში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსით შეეძლებათ მხოლოდ", - აღნიშნა მან.

ნადარაია ამბობს, რომ მეორე ზომა აფხაზურ სკოლაში ქართული ენის სწავლების აკრძალვაა, თუმცა, მისივე თქმით, ეს თემა განხილვას საჭიროებს.

"ქართული ენის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია მეგრული ენის სწავლება დავიწყოთ, რადგან ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია არ ავალდებულებს სახელმწიფოს ქართულ ენაზე ზრუნვას. მეგრული კი ადგილობრივებისთვის მშობლიურია", - ამბობს გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
Print