ახალი ამბები
"დია" - კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, სკეიტ- პარკის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კოლხური ღვინის ფესტივალი "დია" გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის მასშტაბით არსებული ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში მიეღოთ.

ღონისძიებაზე ყურძნის კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.


მხარის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელია თქმით, აღნიშნული ღონისძიება მეღვინეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, სამეგრელოში ეს სექტორი ნაკლებად არის განვითარებული.

"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ყოველწლიურად მოხდეს მისი აღნიშვნა. მიზანი არის მეღვინეობის პოპულარიზაცია ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო. ეს სექტორი ჩვენს რეგიონში ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. ეს ღონისძიება კი ამ სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. წარმოდგენილია ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი რაც იწარმოება, როგორც ჩვენს რეგიონში ასევე მთელს საქართველოში", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა მიიღეს. წალენჯიხელი მეღვინე სერგო ჭანტურია, რომელსაც ცხრა სახეობის ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი, ამბობს რომ მეგრულ ღვინოებს საქართველოში ნაკლებად იცნობენ. მეღვინე იმედოვნებს, რომ ღვინის წარმოების განვითარებასთან ერთად, ძველი მეგრული ვაზის ჯიშებიც აღდგება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. "დია" დაუბრუნდა კოლხეთს ნამდვილად. წარმოდგენილი მაქვს ცხრა სახეობის ღვინო. ორი მათგანი არის აფხაზური წარმომავლობის, ენდემური ჯიშებია. სამეგრელოს ვაზის 58 -მდე ჯიში აქვს , რომლებიც სამწუხაროდ დაიკარგა. ფაქტიურად უკვე იწყება მათი აღორძინება. ჩვენი მარნის ღვინო იყიდება შიდა ბაზარზე. ჯერ საქართველოშიც არ იციან მეგრული ღვინის შესახებ", - ამბობს სერგო ჭანტურია.

ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება, იმის დასტურია, რომ საქართველოს ყველა რეგიონს აქვს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოტენციალი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა.
Print