ახალი ამბები
ენმ-ის ზუგდიდელი მხარდამჭერები თბილისში საპროტესტო აქციას შეუერთდებიან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. ისინი პარტიის ზუგდიდის ოფისიდან დილიდან სამარშრუტო ტაქსებით გაემგზავრნენ.

"გვინდა ნორმალური ქვეყანა და მომავალი ჰქონდეთ ჩვენს შვილებს, ამ მთავრობის ხელში არაფერი კარგი არ გველოდება და მივდივართ, რომ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი", - თქვა ენმ-ის მხარდამჭერმა ომარ კვარაცხელიამ.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის თემურ ბასილაიას ინფორმაციით, თბილისის აქციას მათი მხარდამჭერები სხვა რეგიონებიდან უერთდებიან.

"ჩვენ ვიქნებით პროტესტის თანამონაწილეები იმ ახალგაზრდებთან ერთად, ვინც გავრილოვის ღამიდან დაწყებული, დღემდე ლეგიტიმურ, სამართლიან პროტესტს გამოხატავს ხელისუფლების მიმართ. ჩვენი მოძრაობა არის მშვიდობიანი, არანაირი კონფრონტაცია, ვითხოვთ სამართლიან, პროპორციულ არჩევნებს. იმ დაპირების შესრულებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მისცა ხალხს", - აღნიშნა ბასილაიამ.

მისივე ინფორმაციით, ზუგდიდიდან აქციაზე, დაახლოებით, 200 -მდე მოქალაქე გაემგზავრა.
Print