ახალი ამბები
ხობის მაჟორიტარი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება
პარლამენტის უმრავლესობის წევრის და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას განცხადებით, ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. ბერაია მათ არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს.

"სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია აქციის თითოეული მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთანავე, არ შეიძლება ჩაიშალოს პარლამენტის სხდომები. ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ. უპასუხისმგებლო ოპოზიციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისინი ხედავენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ საშუალებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მათ სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არა ქვეყნის წინსვლა და წარმატება. მოემზადონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ თუ ამის რესურსი აქვთ. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემით მოხდა ხელისუფლების შეცვლა. გვახსოვს, თუ როგორ ფონზე მიმდინარეობდა ეს არჩევნები. იყო ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლა, იყო დაშინებები, ხალხის დატერორება. დღეს ასეთი პროცესი არ მიმდინარეობს და მათ შეუძლიათ არჩევნებისთვის მოემზადონ და დააფიქსირონ თავისი რეიტინგი 2020 წლის ოქტომბერში",- უთხრა ბერაიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება.

"დარწმუნებული ვარ, პროპორციულ სისტემაზე რომ გადავსულიყავით, ძალიან დიდი ალბათობით ქვეყანა შევიდოდა პოლიტიკურ კრიზისში და იქნებოდა სამთავრობო კრიზისი",- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ნაწილი ბიუროსა და პლენარულ სხდომაზე დასასწრებად უკვე მივიდა. პარლამენტის გარეთ კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და პოლიცია.

Print