რეგიონი
მერაბ ქვარაია: სიცრუეა ნარატივი, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით, არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს შედეგს. დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ საუბარი იმაზე, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, სიცრუეა.

"აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე გვაქვს ვალდებულებები. ამიტომაც აგრძელებს საქართველოს პარლამენტი მუშაობას და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას. რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ სიამოვნებს რაც ხდება, ის, რომ ეს სავარძლები ცარიელია, ჩვენი მოქალაქეები, მრავალრიცხოვანია თუ არა, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არიან გარეთ. ბუნებრივია, ადამიანურად თითოეული ჩვენგანისთვის ეს ემოციურია.მინდა მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს, ჩვენი ხალხის და ქვეყნის გამარჯვება იქნება ის, რომ ჩვენი ძალისხმევა იმას მოვახმაროთ, რომ 2020 წლის არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულ თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩავატაროთ. დაე ხალხმა გადაწყვიტოს, შეაფასოს წარსული და გადაწყვიტოს მომავალი. უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში სწორედ შერეული სისტემით, რომელიც დაბალანსებული იყო, ხდებოდა არჩევნები საქართველოში და ასეთი არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში მიაღწიოს შედეგს, რა თქმა უნდა, თუ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს",- თქვა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას მერაბ ქვარაიამ.





Print