ახალი ამბები
დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმობარებასთან დაკავშირებით ბანერები გამოფინეს.

დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან სტრასბურგში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს.

თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს ოთხი პრიორიტეტი აქვს განსაზღვრული: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, დღეს, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული. შემდეგ, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში 20-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.

Print