ახალი ამბები
ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის მშენებლობისთვის 5 876 146 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, შესაბამისი თანხა მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო.

სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მშენებლობის სატენდერო პროცედურები დაიწყება.

"უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აღნიშნულ შენობაში ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კი კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.
Print