ახალი ამბები
ზუგდიდელმა დეპუტატებმა „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის კომიტეტები დატოვეს
საქართველოს პარლამენტის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურიამ და ლაშა დამენიამ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტები დატოვეს.
„რაღაცა რუტინული საკითხების განხილვას არ ვაპირებთ ნამდვილად, როდესაც ქვეყანაში ესეთი ამბები ხდება. განათლების კომიტეტში ვრჩები ფორმალურად, თუმცა კომიტეტის სხდომებს არ ვესწრები“, - აღნიშნა ზუგდიდელმა დეპუტატმა ლელა ქებურიამ.

მისი თქმით, ისინი ყველანაირად ცდილობენ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მაქსიმალურად შეამცირონ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში.

ლაშა დამენიას თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გასაპროტესტებლად მიიღო. თავად დეპუტატი, აგრარულ კომიტეტში რჩება.

„ეს ერთგვარი პროტესტია, დღეს უკვე არც სხდომაზე, არც კომიტეტზე შესვლას აზრი არა აქვს აფერისტების გროვასთან, რომელმაც მთელი საქართველო გადააგდო. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან არანაირი აზრი არა აქვს მათთან მუშაობას“, - ამბობს ლაშა დამენია.

„ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების და კომიტეტების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს.
Print