ახალი ამბები
ენმ-ს ლიდერებს ზუგდიდის პოლიციის უფროსთან და მერთან შეხვედრა სურთ
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის ლიდერები იმყოფებიან. მათ წუხელ გამართული აქცია შეაფასეს და მომხდარს ვანდალიზმი უწოდეს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისინი ზუგდიდის პოლიციისგან პასუხს ითხოვენ, თუ რატომ არ მოახდინეს რეაგირება დანაშაულის შემცველ ფაქტზე. ამასთან, ზუგდიდის მერს იმ საჯარო მოხელეების სიას გადასცემენ, რომლებიც ენმ-ს წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ.

"ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ძალადობრივად გაუსწორდნენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს. ოპოზიციის ოფისებზე მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმა. ასე იყო ქუთაისში, მცხეთაში და ასევე გუშინ ზუგდიდში. სპეციალურად დაგეგმილი, საჯარო მოხელეების მიერ ხორციელდებოდა ვანდალიზმის აქტი, ჩაამსხვრიეს შუშები. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების შემოქმედება. ამაზე გვექნება საუბარი პოლიციასთან, პასუხი გაგვცენ, რატომ არ მოახდინეს ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ასევე ვითხოვთ მერთან შეხვედრას, რომ გადავცეთ იმ საჯარო მოხელეების სია, ვინც მონაწილეობდა ამ ვანდალურ აქტში", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ოფისს კვერცხები, პლასტმასის კასრები, ყავარჯნები და ცოცხები ესროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მინები. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

როგორ გამოიყურება ენმ-ის ოფისი აქციის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ზუგდიდში ენმ-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მოქალაქემ ზუგდიდში აქციის მონაწილეებისგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაცვა სცადა (ვიდეო)

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს

პოლიციამ აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს განარიდა
Print