ახალი ამბები
ენმ-ს ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ (ვიდეო)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს ირაკლი ფაცაციას შეხვდნენ. პარტიის ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა მას ჰკითხეს, თუ რატომ არ მოახდინა პოლიციამ დროული რეაგირება ენმ-ის ზუგდიდის ოფისის დარბევის ფაქტზე. ფაცაციამ მათ უპასუხა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ორი ეკიპაჟი და როგორც კი დამატებითი ჯგუფების დამატება გახდა საჭირო, მათგან რეაგირება დროული იყო.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პოლიციამ მიზანმიმართულად არ მოახდინა სათანადო რეაგირება. ხატია დეკანოიძის თქმით, სამართალდამცავებს აღნიშნული მითითება შს მინისტრისგან ჰქონდათ.

„როდესაც საჭირო გახდა რეაგირება მაშინვე მოვახდინეთო. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ აქედან ენმ-ს შტაბამდე მანქანით არის სამი წუთის გზა. როდესაც ანი წითლიძემ დარეკა პოლიციაში და შესული იყო შეტყობინება, ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე, პოლიცია ვალდებული იყო პერიმეტრი დაეცვა მოძალადე ჯგუფებისგან. ამავე დროს, არცერთი ადამიანი დაკავებული არ არის, როდესაც სამოქალაქო პროტესტის წარმომადგენლებს იჭერენ ყოველდღიურად, ათავსებენ დროებითი მოთავსების იზოლატორში და 12 დღეს უსჯიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ინფორმაციით, პირდაპირი მითითება ხდება შს მინისტრის ვახტან გომელაურის მხრიდან, რომ პოლიციას არ მოეხდინა რეაგირება ამასთან დაკავშირებით“, - ამბობს დეკანოიძე.

მანამდე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში პარტიის ლიდერებმა წუხელ გამართული აქცია შეაფასეს და მომხდარს ვანდალიზმი უწოდეს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისინი ზუგდიდის მერს იმ საჯარო მოხელეების სიას გადასცემენ, რომლებიც ენმ-ს წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ.

ამავე თემაზე: 

ენმ-ს ლიდერებს ზუგდიდის პოლიციის უფროსთან და მერთან შეხვედრა სურთ
Print