ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრად რაულ სმირი დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრად რაულ სმირი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი, წერს „აფსნიპრესი“. ამავე ცნობით, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, „შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელობდა“.

მინისტრის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობები დატოვეს ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებმა: „გენერალურმა პროკურორმა“ ზაურ აჩბამ და მისმა მოადგილემ ეშსოუ კაკალიამ. შესაბამისი განცხადებებით მათ „პრეზიდენტს“ მიმართეს, რომელმაც საკითხი განსახილველად „პარლამენტს“ წარუდგინა. „სახალხო კრებამ“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მანამდე რაულ ხაჯიმბამ შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ კიშმახოვი გაათავისუფლა.

აფხაზური მედიის ცნობით, მაღალჩინოსნებმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც ვერ შეასრულეს „პრეზიდენტის“ დავალება, უმოკლეს ვადებში გაეხსნათ სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარი დანაშაული.

სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან რემოსთან“ ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც იმ დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი 3 დეკემბერს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სროლა კრიმინალურ გარჩევას მოჰყვა.
Print