ახალი ამბები
მეუფე გერასიმე ზუგდიდში დაკავებულ ბერთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შეხვდა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ეპარქიის სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა. როგორც ეპარქიის მდივანი მამა დიმიტრი ვეკუა ამბობს, მეუფე გერასიმემ მათ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მამა დიმიტრი ამბობს, რომ ის კარგად იცნობს დაკავებულს და მისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ჩვენ გაგვაცნეს აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც პრესით გავრცელდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად. რამდენიმე წელია ჩვენს ეპარქიაში არ მსახურობს. მე ამ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში? მე მას ვიცნობ ბავშვობიდან, მქონდა წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობა და ეს მოულოდნელი ფაქტი იყო. მისი ძმა ჩვენს ეპარქიაში მსახურობს, დეკანოზია",- ამბობს მამა დიმიტრი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეპარქია დაკავებულს თავდებად უდგება, მამა დიმიტრი ვეკუა არ ადასტურებს.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ერთ-ერთ პირს გირაო შეეფარდა

დაკავებული ბერის ადვოკატი: სასულიერო პირი პოლიციას თვითონ ჩაბარდა

ზუგდიდში სასულიერო პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

Print