ახალი ამბები
მეუფე გერასიმე ზუგდიდში დაკავებულ ბერზე: ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ სასულიერი პირზე გიორგი ქავთარაძეზე ისაუბრა. მეუფის განმარტებით, ეს მისთვის ძალიან მძიმე ტრავმა იყო და ასეთ ფაქტებზე აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ქავთარაძე მისი აღკვეცილია და ეპარქია პასუხისმგებლობას არ იხსნის.

„აღკვეციდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ძალიან ცოტა ხანს იყო ჩვენთან. გაუჭირდა და თქვა, რომ ისევ უნდა დაბრუნდეს მონასტერში. 1 წლის განმავლობაში ისევ იმყოფებოდა მონასტერში და შემდგომ დაბრუნდა საქართველოში. ჩვენთან არ მოსულა, არც მონასტერში იყო, არც საძმოში და ზუგდიდში ცხოვრობდა საკუთარ სახლში. ჩემთვის პრესიდან გახდა ცნობილი, რომ ასეთი რამ მოხდა. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ადამიანის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. ბევრი კითხვა ისმის, ვის იურისდიქციაში იყო, ვის ეპარქიაში იყო და ა.შ. ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილია დღესაც, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის, ეკლესიისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები როდესაც ხდება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რა ხარისხში ვიმყოფებით, ვინ ვართ და რა წოდების ვართ, კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები. ძალიან რთულია და ამ თემაზე მიჭირს საუბარი. დაველოდოთ მოვლენებს და გამოძიებას, - განაცხადა მეუფე გერასიმემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ სატელეფონო საუბრისას.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი გუშინ დააკავეს.

ამავე თემაზე:

მეუფე გერასიმე ზუგდიდში დაკავებულ ბერთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შეხვდა



Print