ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში სკოლებში და ბაღებში დასაქმებულებს, თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება პედაგოგებსა და ბაღის აღმზრდელებს  “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასწრებას აიძულებს. მისივე თქმით, გუბერნიის, მერიისა და რესურსცენტრის გარდა მოქალაქეების მობილიზებაში სოფლის რწმუნებულებიც არიან ჩართულები.

“მთელ სამეგრელოში და მათ შორის, ზუგდიდში საჯარო მოხელეებს, მათი ოჯახის წევრებს, სკოლის პედაგოგებსა და ბაღის აღმზრდელებს დავალება აქვთ, რომ 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. სკოლის დირექტორებს წამსვლელების სპეციალური სიის გაკეთებას სთხოვენ. მათ შესაბამის დავალებას გუბერნია, მერია და რესურსცენტრი აძლევს. ჩართული არიან ასევე სოფლის რწმუნებულებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლებს სამსახურის დათხოვნით ემუქრებიან”,- ამბობს წითლიძე.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიის წევრის  ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ,  როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ასევე მერიასა და გუბერნიაში.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მისამართით გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ის რაიმე ფორმით ახდენს ზეგავლენას თანამშრომლებზე 14 დეკემბრის ღონისძიებაზე დასასწრებად, არის აბსურდული და საფუძველს მოკლებული. ზოგადად ფაქტების გარეშე ბრალდება არის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ამჟამად მერის მისამართით იყენებენ”, - ამბობენ მერიაში.

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.



Print