ახალი ამბები
სოხუმში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ერიკ ჭკადუა იძებნება

სოხუმის პროკურატურამ 1979 წელს დაბადებულ ერიკ ჭკადუზე ძებნა გამოაცხადა, წერს "ნუჟნაია გაზეტა". მოქალაქე ეჭვმიტანილია სოხუმში რესტორან "სან - რემოსთან" მომხდარი დანაშაულის ჩადენაში.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო - ოპერატიული ღონისძიებები შესაძლო დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად. გარდა ამისა, უწყება მოსახლეობას მიმართავს, დარეკოს შსს - ს ცხელ ხაზზე, თუკი რაიმე ინფორმაციას ფლობს ძებნაში მყოფი მოქალაქის შესახებ.

22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში რესტორან "სან რემოსთან" ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომლიც 3 დეკემბერს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სროლა კრიმინალურ გარჩევას მოჰყვა.

მკვლელობის ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია. სოხუმში აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ამასთან დაკავშირებით, თანამდებობები დატოვეს "გენერალურმა პროკურორმა" ზაურ აჩბამ და მისმა მოადგილემ ეშსოუ კაკალიამ. მანამდე რაულ ხაჯიმბამ შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ კიშმახოვი გაათავისუფლა.

 

Print