ახალი ამბები
„ყველა თოჯინას თავისი სახელი ჰქვია“- ხანდაზმულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ზუგდიდში( ვიდეო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ხანდაზმულთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის“ ორგანიზებით ჩატარდა. აქ წარმოდგენილი იყო ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები: სამკაულები, საახალწლო ნივთები, ნაქარგები, ნახატები და სხვ.

ბენეფიციარი ელგუჯა კვარაცხელია ამბობს, რომ დღის ცენტრში მათი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამასთან, ისინი დღის განმვლობაში ხელნაკეთი ნივთების დამზადების გარდა სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული. მისი თქმით, თითოეული ნივთი მათთვის მნიშვნელოვანია და ყველას თავისი სახელი ჰქვია.

„მოხუცები ვართ შეკრებილები და დილიდან საღამომდე ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას... ზოგი კერავს, ზოგი ქარგავს, ზოგი მღერის და ასე შემდეგ. საღამოს სახლში კარგი განწყობით ვბრუნდებით. ძალიან გვიყვარს ჩვენ მიერ შექმნილი ნივთები. პატარა თოჯინებს, ყველას თავ-თავის სახელი ჰქვია. იმ ნივთების გამოფენა მოვაწყვეთ, რისი გაკეთებაც ჩვენ მოხუცებმა შევძელით“, - თქვა ელგუჯა კვარაცხელიამ.

ხანდაზმულთა ცენტრს ყოველდღიურად 17 ადამიანი სტუმრობს. მათ ხელოვნებას ეკა კაკულია ასწავლის. მისი თქმით,  დღის განმავლობაში ისინი სხვადასხვა აქტივობებით ბენეფიციარების განწყობაზე ზრუნავენ.

„ვზრუნავთ იმაზე, რომ გაერთონ და დრო ხალისიანად გაატარონ. ვასწავლით კრეატიული ნივთების დამზადებას. მე როგორც მასწავლებელი ვაჩვენებ, თუ როგორ მზადდება ესა თუ ის ნივთი და მათი დახმარებით ვქმნით სხვადასხვა ნაკეთობებს“, - ამბობს ის.

პროექტი „უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. ის 2019 წლის მარტიდან ხორციელდება და მისის მიზანია მოხუცების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალიზაციას.

Print