ახალი ამბები
ზუგდიდში საქართველოს და ევროსაბჭოს დროშები საზეიმოდ აღმართეს

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს და შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

შეკრებილებს სიტყვით ქალაქის მერმა გეგა შენგელიამ მიმართა და ამ ფაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ეს ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ევროინტეგრაციისაკენ. ჩვენი მომავლისთვის და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ევროპაში ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ და ყოველწლიურად ვუახლოვდებით მას“, - თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი:

* ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

* სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

* ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება

* დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.


საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

 

Print