ახალი ამბები
„ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“- გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოფენა „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“  გაიმართა, სადაც  წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები. ამასთან, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა არქივში დაცული და მოძიებული დოკუმენტები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ. მათ შორის იყო საარჩევნო სიები, ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები და ა.შ.

გამოფენის შემდეგ გაიმართა ლექცია, რომელზეც  ისტორიკოსებმა ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ  ისაუბრეს, იმ რეფორმებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც  ორ წელიწად-ნახევარში პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ შეძლო. დავით ლოსაბერიძის თქმით, აღნიშნული მასალების გამოფენა მიზნად ისახავს იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის.

„უშუალოდ ჩემთვის პირადად საინტერესო იყო მაშინდელი თვითმმართველობისა და ახლანდელი თვითმმართველობის შედარება. პასუხი გაეცა კითხვას, თუ როგორ მოხერხდა, რომ ორ-ნახევარ წელიწადში იმპერიის მარწუხებიდან თავდახსნილმა ქვეყანამ ამხელა წარმატებას მიაღწია. ეს არ არის ქართველების თვითქება,  ევროპის პრესაც და მაშინდელი პოლიტიკური ლიდერებიც გაოცებით და აღტაცებით საუბრობდნენ შორეულ კავკასიაში, რაღაც საოცარ წარმატებაზე. არა მარტო დემოკრატიულ პროცესებში, არამედ ადგილობრივი განვითარების კუთხითაც“, - ამბობს დავით ლოსაბერიძე.

ზუგდიდის იმდროინდელ მაზრაზე ისაუბრა ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა. მისი თქმით, სამაზრო თვითმმართველობა რესპუბლიკასთან შედარებით მრავალპარტიული იყო. ამბობს, რომ მოესწრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.

„ზუგდიდის მაზრის მაშინდელი უნიკალურობა გამოწვეული იყო იმით, რომ ერთდერთი მაზრა იყო 18-დან 21 წლამდე, სადაც რეგიონულ დონეზე ოპოზიციური დეპუტატების უმრავლესობა იყო.  აქ უკვე ოპოზიციას ჰქონდა უმრავლესობა, ასე ვთქვათ, დაბალანსებული სპექტრი იყო. ზუგდიდის მაზრაში ორჯერ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. დიდად არ შეცვლილა ეს ბალანსი და მრავალპარტიული დარჩა სამაზრო თვითმმართველობა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, ოპოზიციური ბრძოლის  გამო, მაინც მოესწრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა, განათლების,ეკონომიკის, ჯანდაცვის და  ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.  ეს ეხება რკინიგზის ხაზის გაყვანას სენაკსა და ზუგდიდში. მოსახლეობამდე მივიდა ეს სიკეთეები. ხალხი ძალიან კარგად ხედავდა განსხვავებას დემოკრატიულ თვითმმართველობასა და ბოლშევიკურ იმპერიას შორის“, - აღნიშნა ხვადაგიანმა.

შეხვედრას სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.





Print