ახალი ამბები
უსაფრთხო გადასასვლელები და გარეუბნების განვითარება - შენიშვნები ზუგდიდის გენგეგმაზე
ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის განხილვაზე, კომპანის „არტსტუდიო პროექტის“  წარმომადგნელებმა, რომლებიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობენ, მოქალაქეების შენიშვნები ჩაინიშნეს. პროექტის კონცეფციის მიხედვით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული  პრობლემები უნდა მოწესრიგდეს და განვითარდეს.

„საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ ადგილობრივებისგან, პროექტში ალბათ  ბევრ რამეს შევცვლით. ჩვენ ახლა  მხოლოდ პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე ვართ.  შევეცდებით, რომ ზუგდიდი გახდეს კეთილ მოწყობილი და ხალხზე ორიენტირებული ქალაქი. გეგმაზე მუშაობისთვის წინ კიდევ რავა თვე გვაქვს“ , - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი სულაბერიძე.

პროექტის პირველი ეტაპის კონცეფციის მიხედვით დაგეგმილია:


ველოსიპედისა და ელექტრო სკუტერების ბილიკის მოწყობა;

ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა;

ბულვარის გასწვრივ პარკინგის გაუქმება;

ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტული გარემოს შექმნა;

ბულვარის გაფართოება და გაგრძელება დადიანების კომპლექსამდე. მდინარე ჩხოუშიას მონიტორინგის სამსახურის ჩამოყალიბება;

მდინარე ჩხოუშიაში ჩამდინარე სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;

მდინარის კალაპოტის სანიტარული წმენდა;

ერთიანი მწვანე დერაეფანი პარკებით;

გამართული სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები დაესწრნენ.

მზია გიორგობიანის განმარტებით, გენგემაზე მუშაობა, დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება და ის ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეს არის გენერალური გეგმა, რომელი,ც დაახლოებით,  ერთი წლის განმავლობაში იქნება შემუშავებული. შემდეგ ეს გეგმა ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. გეგმაში  ასახული იქნება მოკლევადიან, საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი პროექტები. ეს მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის. მათ შორის სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში, ახალი ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, თუ როგორ მოვახდინოთ კერძიო სექტორის დაინტერესება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიმზიდველი უნდა იყოს აქ მცხოვრები ადამიანებისათვის“,- აღნიშნა გიორგობიანმა.

მერმა გიორგი შენგელიამ მოქალქეებს განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია.

პრეზენტაციის შემდეგ შეკრებილებმა კითხვები დასვეს და პროექტის გარშემო შენიშვნები გამოთქვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ ქალაქი არასწორადაა განვითარებული და  სერვისების მიღება მხოლოდ ცენტრშია შესაძლებელი.

„მნიშვნელოვანია ტროტუარების გაფართოება ფეხით მოსიარულეებისთვის. ამასთან , მდინარეს, რომელიც ქალაქს ყოფს დაკარგული აქვს ფუნქცია.  მის გვერდებზე საავტომობილო გზებია, უფრო სასურველი იქნება რეკრეაციული ზონები იყო.  ძირითადი სერვისების მიღება  მხოლოდ ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს შესაძლებელი. გარეუბნები ნაკლებად არის განვითარებული“, - ამბობს თოდუა.

მოქალაქეები ასევე დაინტერესდნენ, არის თუ არა პროექტში სკვერების  სარწყავი სისტემის  და სკოლებთან უსაფრთხო მსვლელობის მოწყობა ასახული. როგორც პირველი სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ აღნიშნა, სკოლის მიმდებარე ტერიტორია ავტომობილების მოძრაობის გამო გადატვირთულია და სკოლის მისასვლელი არ არის უსაფრთხო.

„არტსტუდიო პროექტის“  წარმომადგენლებმა ამ და სხვა შენიშვნების შესახებ თქვეს, რომ თითოეულ საკითხს გაითვალისწინებენ და პროექტის ჩაშლილ ვარიანტში  შესაძლებელია ისინი აისახოს.

"არტსტუდიო პროექტმა" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

Print