ახალი ამბები
100 000 ლარი ზუგდიდის გასამწვანებლად
მომავალ წელს 100 000 ლარი შესაძლოა ზუგდიდის გამწვანებას მოხმარდეს. შესაბამისი პროექტი 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში უკვე აისახა. ინიციატივა საკრებულოს წევრს სანდრო სორდიას ეკუთვნის.

პროექტი "მწვანე ბიუჯეტის" კონცეფცია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებისა და უბნების გამწვანებას გულისხმობს. კერძოდ, პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით. თავის მხრივ, მერიამ წარდგენილი პროექტის ღირებულების 90% უნდა დააფინანსოს.

"პროექტის "მწვანე ბიუჯეტის" კონცეფცია საინტერესო და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს არის უპრეცედენტო პროექტი. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით ზუგდიდი არის პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც მოახდინა აღნიშნული პროექტის ინიცირება და ასახვა ბიუჯეტის პროექტში. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ზუგდიდი არის იმ მუნიციპალიტეტების რიგში, რომელიც არის ხელმომწერი ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებისა, რომელსაც "მერები კლიმატური ცვლილებებისთვის" ჰქვია. ვფიქრობ "მწვანე ბიუჯეტის" კონცეფციის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს აღნიშნული საერთაშორისო აქტის პრაქტიკულ რეალიზაციას და იგი ასევე დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობისათვის ხელსაყრელი საყოფაცხოვრებო და ეკოლოგიური გარემოს შექმნაზე", - თქვა პროექტის ინიციატორმა სანდრო სორდიამ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, თითოეული პროექტის ღირებულება 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

"აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს განხორციელებული პროექტების მდგრადობას (მოქალაქეებს შესძენს მათი ინიციატივით განხორციელებული პროექტებისადმი მესაკუთრეობის განცდას), ხოლო მეორე მხრივ, ქალაქის ტიპის დასახლებისათვის დამახასიათებელ ურბანულ გარემოში ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება", - ამბობს სორდია.

2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი 43 მილიონი ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ანუ პირველ იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
Print