ახალი ამბები
სოხუმის ცენტრში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
სოხუმში, რესტორან "სან - რემოსთან" მომხდარ მკვლელობაში ერთ - ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია, წერს "აბხაზია ინფორმი". გამოცემის ცნობით, "სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულის ვინაობა არ სახელდება".

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჩამდენი ერთ - ერთი პირის ვინაობა დადგინდა და "შესაბამისი მასალა გადაეგზავნა სოხუმის სასამართლოს აღკვეთის ზომის შესაფარდებლად".

9 დეკემბერს სოხუმის ე.წ პროკურატურამ 1979 წელს დაბადებულ ერიკ ჭკადუაზე გამოაცხადა ძებნა. მოქალაქე ეჭვმიტანილია სოხუმში რესტორან "სან - რემოსთან" მომხდარი დანაშაულის ჩადენაში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო - ოპერატიული ღონისძიებები შესაძლო დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად. გარდა ამისა, უწყება მოსახლეობას მიმართავს, დარეკოს შსს - ს ცხელ ხაზზე, თუკი რაიმე ინფორმაციას ფლობს ძებნაში მყოფი მოქალაქის შესახებ.

22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში რესტორან "სან რემოსთან" ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომლიც 3 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სროლა კრიმინალურ გარჩევას მოჰყვა.

მკვლელობის ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია. სოხუმში აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ამასთან დაკავშირებით, თანამდებობები დატოვეს "გენერალურმა პროკურორმა" ზაურ აჩბამ და მისმა მოადგილე ეშსოუ კაკალიამ. მანამდე რაულ ხაჯიმბამ შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ კიშმახოვი გაათავისუფლა.

Print