რეგიონი
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში 150 ადგილობრივი გადამზადდა (ფოტო, ვიდეო)
ანაკლიის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები ზუგდიდის ტექნოპარკში საზეიმო ვითარებაში გადასცეს. 150 ადგილობრივმა სასწავლო კურსი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID  "ზრდა" პროექტის დაფინანსებით, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიარა. 
„მიხარია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში 150-მდე ადამიანს გადავცემთ სერტიფიკატებს. კურსდამთავრებულების ნაწილმა გაიარა ე.წ სტუმარ-მასპინძლობის კურსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა სამეგრელოს რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა ადამიანებს ჰქონდათ საშუალება გაევლოთ ინგლისურისა და კომპიუტერის კურსები, განევითარებინათ საკუთარი უნარ-ჩვევები. გადამზადებული ადგილობრივების უმრავლესობა არიან ადამიანები, ვისაც აქვს საკუთარი საოჯახო სასტუმრო, ან არიან დაინტერესებული მსგავსი სამსახურით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის მიმართულებით ზუგდიდში განსახორციელებელ საინტერესო პროექტებს შეემატება კვალიფიციური კადრები“, - თქვა ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა ირაკლი უჯმაჯურიძემ.
აღნიშნული პროგრამა საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღის" მიერ განხორციელდა. სწავლება 3-დან 6 თვემდე ხანგრძლივობის იყო და შემდეგი კურსები მოიცვა: ინგლისური ენა, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალობა, ასევე სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსების კურსები და მეწარმეობა-ბიზნეს ადმინისტრირება. სწავლება ანაკლიასა და ზუგდიდში გაიმართა.

„მნიშვნელოვანი დღეა „ახალი ტალღისთვის“, რადგან დღეს არის შეჯამება ჩვენი ერთობლივი პროექტის. ეს იყო ახალი გამოცდილება ჩვენთვის, გაგვეხსნა ფილიალები ანაკლიასა და ზუგდიდში. 6 სასწავლო მიმართულებით გადამზადნენ ადამიანები. მათ აიმაღლეს ცოდნა, მიიღეს გამოცდილება, რაშიც იყვნენ ჩართულები ექსპერტები და წამყვანი სპეციალისტები. ვთვლი, რომ ეს იყო წარმატებული მაგალითი, მოდელი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა ლაშა ხახუტაიშვილმა.

USAID "ზრდა" პროექტის მხარდაჭერით მსგავსი ტრენინგების ჩატარება სამომავლოდ ისევ იგეგმება. მომავალი სასწავლო კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
Print