ახალი ამბები
მამუკა წოწერია: რატომ ვერ წავიკითხეთ ის გზავნილები, რომელიც ლუკამ კედლებზე დატოვა
ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე საუბრით დაიწყო. დეპუტატებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს და მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, გარდაცვლილის ახლობლებისა და საზოგადეობის მოთხოვნა სამართლიანი და ობიექტური გამოძიებაა. მისივე თქმით, ყველამ უნდა ეცადოს, რომ ის რაც ლუკამ სკოლის კედელზე მიაწერა არ გახდეს ახალგაზრდობის სლოგანი.

„ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონო ქმედებაში, არასრულწლოვნის ინტერესების გულგრილობაში იქნება მხილებული, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. თუმცა ეს არ არის გამოსავალი, ამ შედეგს ვერაფერი ვერ შეცვლის. ჩვენ ალბათ ყველას მოგვიწევს დაფიქრება და შეფასება იმ მდგომარეობის, რაც ჩვენი მოსახლეობის და განსაკუთრებით არასრულწლოვნების ამგვარ ქმედებას იწვევს. უნდა დავფიქრდეთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ ნაკლებ სტრესულ გარემოში უწევდეს ახალგაზრდებს ცხოვრება. ასევე, მთავარია, რატომ ვერ წავიკითხეთ ის სიტყვები და  ის გზავნილები, რომელიც ლუკამ სკოლის კედლებზე დატოვა? უნდა ვეცადოთ ყველამ, რომ ეს არ გახდეს ჩვენი ახალგაზრდობის სლოგანი“, - ამბობს წოწერია.

15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ჩვენების შესაძლო იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
Print