რეგიონი
რა პრეტენზიები აქვთ ზუგდიდში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს - შეხვედრა ენერგოომბუდსმენთან (ვიდეო)
საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები ენერგოომბუდსმენს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდნენ. სალომე ვარდიაშვილისგან მცირე მეწარმეებმა წყლის ტარიფის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან საოჯახო სასტუმროებისთვის ამოქმედდება. თავის მხრივ, ინდივიდუალური მეწარმეები ენერგოომბუდსმენს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებსაც ისინი აწყდებიან. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და ეს მათ ბიზნესს ავნებს. 

საოჯახო სასტუმრო "მწვანე სახლის" მფლობელი თიკა დიდიშვილის თქმით, დიდ სასტუმროებთან მათი შედარება არ შეიძლება. 
„პრობლემებს ვაწყდებით მრიცხველების გამოყოფასა და კომერციულ ტარიფებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საოჯახო სასტუმრო არ არის დიდი და შემოსავლის წყაროც რა თქმა უნდა მცირეა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაიგივება დიდ სასტუმროსთან. თუ ეს რეგულაციები ამოქმედდება, იძულებული გავხდებით გავზარდოთ ფასები ნომრებზე, რაც ტურისტებზეც ცუდად აისახება ან საერთოდ მოგვიწევს ამ საქმიანობისთვის თავის დანებება. ვგეგმავთ, რომ სემეკს თხოვნით მივმართოთ, რომ გარკვეული შეღავათი გაგვიწიონ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. მოგვცენ იმის საშუალება, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა“, - ამბობს თიკა დიდიშვილი.

ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ საოჯახო სასტუმროს მფლობელების პრეტენზიები სამართლიანია და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომპანიას მათ პრობლემებს გააცნობს. 

„ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სახლი აქვთ გადაკეთებული საოჯახო სასტუმროებად ვერასოდეს ვერ შევლენ კონკურენციაში ისეთ მსხვილ მეწარმეებთან, რომლებსაც აქვთ ბუტიკის ტიპის სასტუმროები. მე არაერთხელ მიმიმართავს სემეკისთვის, რომ ეს მიდგომა იქნებოდა დისკრიმინაციული, რადგან მომხმარებლების არასწორ დაყოფა ხდება. მე მოვისმინე მცირე მეწარმეების პრეტენზიები და ისინი საკმაოდ სამართლიანად მიმაჩნია. ეს ყველაფერი ჩავინიშნე და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც კონკრეტული დროის მერე, რაც ეს ნორმა ამოქმედდება და მის ნაკლოვანებებს დავინახავთ, წინადადებით მივმართოთ ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციამ (DMO) გაუწია.

ცნობისთვის, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.

პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრს.

მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

Print