ახალი ამბები
ფახულანი - საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა
წალენჯიხაში, ფახულანი - საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან სამოქალაქო მოძრაობა "ხმას" ორგანიზებით აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ირაკლი ქარჩავას თქმით, ახალგაზრდები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ დაგმონ ის რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში სჯის და ასამართლებს.

"მთავარი მოთხოვნა არის რა თქმა უნდა - თავისუფლება ვაჟა ექიმს. მთელი აქცია-პერფორმანსი ეძღვნება რუსულ ოკუპაციას. ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას და ვგმობთ იმ რეჟიმს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჩვენივე მიწაზე ასამართლებს, სჯის და უშვებს ციხეში. ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდებმა ჩაგვეტარებინა ეს ველომარათონი. საბოლოო ჯამში, ჩვენი აქციის მიზანია, ვუთხრათ რუსეთს, რომ ის ოკუპანტია და დაგვიბრუნოს ჩვენი სამოქალაქო გმირი - ვაჟა ექიმი",- ამბობს ირაკლი ქარჩავა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და ტრანსპარანტები შემდეგი წარწერებით: " „სოლიდარობა ვაჟა ექიმს!" "აფხაზეთი - საქართველოა!", "რუსეთი ოკუპანტია!" და სხვ. სამოქალაქო აქტივისტებმა საზღვართან მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრებიც დაურიგეს.

აქციის მონაწილეებმა ფახულანიდან საბერიომდე ველომარათონი მოაწყეს.


Print