ახალი ამბები
პენიტენციური დაწესებულების განმარტებები ლაშა გოგიას რესტორანში ყოფნაზე
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით სასჯელს იხდის, უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით სარგებლობს. ის წუხელ ზუგდიდში ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი ფოტო მისმა მეუღლემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

აღნიშნულზე პენიტენციური დაწესებულების სამსახურში ამბობენ, რომ ლაშა გოგია N16 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, რომელიც არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი.

"გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს. პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა", - ამბობენ უწყებაში.

ამავე ცნობით, ნორმის ამოქმედებიდან დღეის ჩათვლით პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით უქმე დღეებში სულ 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა.

"ამჟამად აღნიშნული ნორმით სარგებლობს 10 მსჯავრდებული. მათ შორის, ეს უფლება მინიჭებული აქვთ მსჯავრდებულ ლ. გ.-ს და გ.გ-ს. ინფორმაციისთვის, სასჯელის მოხდის პერიოდში მოცემული მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა და ისინი აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებსაც, რაც ზემოთმოყვანილი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი", - უთხრეს რადიო "ათინათს" პენიტენციური დაწესებულების სამსახურში.


ამავე თემაზე: 

ლაშა გოგია და გია გულორდავა უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ
Print