ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდები ლუკა სირაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ (ვიდეო)
სტუდენტები და სამოქალქო აქტივისტები 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. მათ მშვიდობიანი აქცია თავდაპირველად ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ გამართეს, ხოლო  მოგვიანებით პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. სამოქალაქო აქტივისტის დათა აქუბარდიას თქმით, სისტემა უნდა შეიცვალოს და აღნიშნულ პრობლემას ერთი ადამიანის დასჯა ვერ მოაგვარებს.

„ახალგაზრდები ვაპროტესტებთ ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანას. ჩვენ გვახსოვს დემურ სტურუა, რომელიც პოლიციელების მხრიდან ზეწოლამ ასევე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. არ გვინდა, რომ განმეორდეს ეს ფაქტი და ახალგაზრდები განიცდიდნენ პოლიციის მხრიდან ზეწოლას. ჩვენ ვითხოვთ, ამ საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას. აქ არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, მთლიანად უნდა შეიცვალოს სისტემა“, - ამბობს დათა აქუბარდია

შეკრებილმა სტუდენტებმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქმის ობიექტური გამოძიება.

„მინდა, რომ სტუდენტების სახელით მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. ამავე დროს გვინდა მცირეოდენი სითბო სიყვარული და პოზიტივი გავავრცელოთ ახალგაზრდებში“, - თქვა მირანდა ქარაიამ.
15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ჩვენების შესაძლო იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
Print