ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გზაზე პირველი გაჩერება ანაკლია იქნება
,,ლელო საქართველოსთვის’’ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, პროექტის განხორციელება „საქართველოს ნამდვილად გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბად მთელს მსოფლიოში“. ამის შესახებ ხაზარაძემ პარტიულ ყრილობაზე თქვა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს! ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ნამდვილად გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბად მთელს მსოფლიოში. ანაკლია მოგვცემს საშუალებას მივიღოთ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75%, რომელიც დღეს ქართულ პორტებში ვერ შემოდის. ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა დაასაქმებს ათეულობით ათას ადამიანს, როგორც სამეგრელოდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან, და მკვეთრად გაზრდის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. ანაკლია ასევე არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ ქალაქი ანაკლია პირველ ეტაპზე მოიზიდავს 3 მილიარდზე მეტ უცხოურ ინვესტიციას. ეს შეთანხმება საერთაშორისო ბანკებთან უკვე მიღწეულია. ანაკლიის პორტსა და ქალაქს ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, „დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გზაზე პირველი გაჩერება სწორედ ანაკლია იქნება, სადაც ისინი მიიღებენ ღირსეულ სამუშაო ადგილს და საცხოვრებელს“.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დამფუძნებელი ყრილობა გამართა. თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს. პარტიის გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება.





Print