ახალი ამბები
ხობში პოლიციას 20 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ
ხობში დაკავებული 20 წლის გიორგი ჭურღულიას ოჯახი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს. ჭურღულიას დედა თეა გოგილავა ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მისი შვილი უკანონოდ დააკავეს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ოჯახი ახალგაზრდის გათავისუფლებას და პოლიციელის დასჯას ითხოვს.

"მეგობარს დაურეკია და იქიდან რესტორანში წასულან. ცოტა დაულევიათ და რომ გამოდიოდნენ პოლიციას დაუკავებია, არაფრის გულისთვის. ადვოკატმა მითხრა, რომ თავზე დაზიანებები აღენიშნება და თავს ცუდად გრძნობს. ამიხსნან რატომ აკავებდნენ და რატომ სცემეს ჩემს შვილს", - ამბობს გოგილავა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, იქიდან გამოსული კი პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა ჩაუტარა, რასაც უსიტყვოდ დაემორჩილა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მას პოლიციის სამმართველოში გაყოლა სთხოვეს, უარი განაცხადა , რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები თავში, მხრებზე, ფეხისა და კისრის არეში აღენიშნება და იგი ქუთაისში, სამედიცინო ექსპერტიზაზე იყო გადაყვანილი.

გიორგი ჭურღულია ამჟამად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
Print