რეგიონი
ზუგდიდის მერი: ზედა ეწერში ხანძარი ლოკალიზებულია (ვიდეო)
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზედა ეწერში, ხანძრის შედეგად დამწვარი თხილნარები და სახნავ-სათესი ნაკვეთები მოინახულა.
ის არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და თქვა, რომ ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია, მოსახლეობას კი საშიშროება არ ემუქრება. მისივე ცნობით, შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის ზარალის ოდენობას.
„ამჟამად მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, შედეგების აღწერის შემდეგ მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელებთ კომპენსაციის საკითხზე“, - აღნიშნა მერმა.

ცეცხლი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე იყო მოდებული. დამწვარია თხილნარები, სკები და ეზოს ღობეები.

ადგილზე სამი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრომ დააგვიანა და სწორედ ამიტომ მოედო ცეცხლი დიდ ტერიტორიას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძროს დაგვიანებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ადგილზე მაშველები გამოძახებიდან მალევე მივიდნენ.

ამავე თემაზე:

ზედაეწერში ხანძარია (ფოტო)
Print