ახალი ამბები
ზუგდიდში განახლებული ჭადრაკის სასახლე გაიხსნა
ზუგდიდში რეკონსტრუირებული ჭადრაკის სასახლე ნონა გაფინდაშვილმა გახსნა. მისი თქმით, ქალაქი იმასხურებდა კარგ საჭადრაკო კლუბს, სადაც ბავშვებს კარგი სამუშაო გარემო ექნებათ.

„შესანიშნავი დღეა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჭადრაკს ეუფლებიან. ეს პროექტი ნანახი მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ აშენდებოდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. საჭადრაკო ტრადიციები გაგრძელდება სამეგრელოში და მთელს ქალაქში“, - აღნიშნა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, სასახლის რეაბილიტაცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო ორ ეტაპად განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. მერის თქმით, შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

„იყო იმის აუცილებლობა, რომ ზუგდიდს ჰქონოდა განახლებული და უფრო მოცულობითი ჭადრაკის სასახლე. დღესდღეობით ეს სასახლე აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. ჩვენი მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეებს საშუალება ექნებათ კარგ გარემოში მიიღონ საჭადრაკო გამოცდილება“, - აღნიშნა მან.

სასახლის დირექტორი გიორგი ბერაია ამბობს, რომ შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ახალი საჭადრაკო და საოფისე ინვენტარით, რაც მისივე თქმით, მასშტაბური ტურნირების და სასწავლო პროცესის სათანადოდ ჩატარების საშუალებას იძლევა.

ჭადრაკის ფედერაციამ სკოლას ნოუთბუკი გადასცა.
Print