ახალი ამბები
სოხუმში ენერგოკრიზისის თავიდან აცილების გეგმაზე მსჯელობენ
აფხაზეთის ტელევიზიის პრესცენტრში გამართულ პრეკონფერენციაზე კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა მდივანმა ასლან ბასარიამ განაცხადა, რომ 2021 თებერვლიდან სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ენგურჰესის მთელი კომპლექსი 3,5 თვით გაითიშება. მისივე თქმით, ამ პერიოდში მარაოსებრ გამორთვებზე, რომ გადავიდნენ, თითოეული მომხმარებელი ელექტრეოენერგიის გარეშე დღე-ღამეში 8 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს, რაც ძალიან რთული იქნება. ბასარიას განცხადებით, „ხელისუფლება“ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან და თუ საკითხი სწრაფად გადაწყდება, მარასოებრი გათიშვების დაწესება საჭირო აღარ იქნება.

„ჩვენი გათვლებით, აფხაზეთი დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით, დაახლოებით, 780 მილიონ კვტ/საათს მოიხმარს, ხოლო ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, დაახლოებით, 500 მილიონ კვტ/ საათს შეადგენს, ხოლო დეფიციტი 270 მილიონი კვტ/საათია. გასაგები რომ იყოს, ზამთრის პერიოდში ჩვენ 8-9 მილიონ კვტ/საათს მოვიხმართ. ამ გათვლებიდან გამომდინარე, უკვე მომავალი წლის იანვრიდან, ჩვენ რუსეთიდან უნდა გადმოვქაჩოთ ელექტროენერგია. თუ ასე არ მოხდება, წყლის მარაგი მხოლოდ ერთი თვის სამყოფი იქნება და ენგურჰესი გაჩერდება“, - ამბობს ბასარია.

მისი თქმით, მსგავს პრობლემებს განვითარებული ქვეყნებიც აწყდებიან, თუმცა ასეთი დაბალი ტარიფი, როგორც აფხაზეთშია დაწესებული, არსად არ არის.

„ზამთრის პერიოდში მხოლოდ ავარიების შედეგების აღმოსაფხვრელად დაახლოებით 70 მილიონი რუბლია საჭირო. ტარიფი ჩვენთან ძალიან დაბალია, და არასაკმარისია ამ სამუშაოების ჩასატარებლად. არსებობს საინვესტიციო პროგრამაც, თუმცა, ის წერტილოვანი ღონისძიებებისთვისაა გამიზნული, ანუ, მოთხოვნა არის დიდი და გადასახადს არ იხდიან. იმ დაბალ ტარიფსაც არ იხდიან ფაქტობრივად, პირველ რიგში, ფიზიკური პირები“ - ამბობს ის.

აფხაზი ენერგეტიკოსები გამოსავალს ტარიფის გაზრდაში ან „სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ სუბსიდირებაში ხედავენ, რათა მათ გამანაწილებელი ქსელების სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება და მრიცხველების დამონტაჟება შეძლონ. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დატვირთვის შემცირება.

Print