ახალი ამბები
ანგარიშის წარდგენაზე გუბერნატორს თხილი და კაკალი მიუტანეს (ვიდეო)
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე, რომელიც ტექნოპარკში მიმდინარეობს, თხილი და კაკალი მიიტანეს. ამასთან, მათ ხელში ტრანსპარანტი უჭირავთ წარწერით: #შეცვალე უსაქმური გუბერნატორი.



„ალექსანდრე მოწერელია უსაქმური გუბერნატორია და თხილეულის გარჩევით მაინც დაკავდეს“, - ამბობენ ისინი.

აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა და ანგარიშის წარდგენაზე თხილის შეტანა უნდოდათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მათ გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ განუმარტა, რომ შეხვედრაზე დასწრება და კითხვების დასმა შეუძლიათ, თუმცა თხილს და კაკალს ვერ შეატანინებენ.



„დაესწარით შეხვედრას, დასვით ყველა კითხვა, რაც გაქვთ და მიიღეთ პასუხები. თხილს და კაკალს ვერ შეგატანინებთ, რადგან ეს პირველ რიგში შეხვედრის მონაწილეების შეურაცხყოფა იქნება", - უთხრა მათ ლაგვილავამ. 

აქციის მონაწილეებმა ანგარიშის მოსმენა  არ ისურვეს.
Print