ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ალექსანდრე მოწერელიამ 2019 წელს განხორციელებულ და მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონში ჯამში 1 565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1061 პროექტი განხორციელდა, პროექტები კი თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე შეარჩია:

დაიგო და რეაბილიტირდა 250 კილომეტრი საავტომობილო გზა;

შენდება 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 ხიდს;

გაიწმინდა და მოწესრიგდა 102 კილომეტრი სადრენაჟე არხი;

გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში;
მესტიის მუნიციპალიტეტის უშუქოდ დარჩენილ სოფლებს - ჰეშკილსა და ხალდეს ელექტროენერგია მიეწოდა;

დასრულდა 2 და მიმდინარეობს 24 ამბულატორის მშენებლობა;

რეაბილიტირდა 23 ამბულატორია;

აშენდა გადაუდებელი დახმარების ცენტრები აბაშასა და მარტვილში, მიმდინარეობს კიდევ 7 ცენტრის მშენებლობა;

მუნიციპალიტეტებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში 30 578 ბენეფიციარი 9 მილიონამდე ლარით დააფინანსეს;

უახლოეს პერიოდში ბინები გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს, დასრულდა 3 კორპუსის მშენებლობა ზუგდიდში. მიმდინარეობს დამატებით 5 კორპუსის მშენებლობა;

დასრულდა 3 და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა;

სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 95 საჯარო სკოლას, რისთვისაც 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა;

მიმდინარეობს 9 საჯარო სკოლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები.

გუბერნატორის თქმით, მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები.

"გაძლიერდება განათლების სფეროს დაფინანსება - მომავალ წელს სრულ რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეგიონის 14 სკოლას და მოხდება 9 სკოლის მშენებლობა, ამასთან, აშენდება 14 ახალი საბავშვო ბაღი. 2020 წელს გაგრძელდება ჯანდაცვის ობიქტების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი. დევნილებისთვის ზუგდიდში შენდება დამატებით ხუთი 12 სართულიანი კორპუსი, რითაც 1000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა გადაეჭრება. განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდმა, მომავალ წელს კი 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის მომავალ წელს ინტენსიურად მოხდება სპორტული ობიექტების და საბავშვო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2020 წელს დასრულდება ზუგდიდის და ფოთის სტადიონების მეორე ეტაპის სამუშაოები, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და ზუგდიდს ექნება ახალგაზრდული ცენტრი და ზვიად გამსახურდიას სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკა", - თქვა გუბერნატორმა.

პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.






Print