ახალი ამბები
შამგონელი ქალის ოჯახი მის გარდაცვალებაში ქმარს ადანაშაულებს
ზუგდიდის სოფელ შამგონაში 35 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ძმა დის გარდაცვალებაში სიძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი და ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ჩამოკიდეს. მისივე თქმით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ეტყობა.

"ჩვენი ვერსიაა, რომ მოკლულია და დაკიდეს. უკან ზურგზე არის ჩალურჯებები, თავზეც აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები. ოჯახში შელაპარაკება მოხდა, მეზობელთან არის გადასული, იმან სავარაუდოდ არ მიიღო და არის მოკლული. სიძესთან ჰქონდა შელაპარაკება. თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავთ", - ამბობს ნუკრი მიქავა.

გარდაცვლილის ოჯახი სიძის დაკავებას ითხოვს. ახლობლები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.

"არ ვიცი რა მოხდა და რა იყო. თავს არ ჩამოიხრჩობდა თავისით, ვვარაუდობ ამ ქმრის ამბავს, ამას ვიღაცა ქალი ჰყოლია ჭკადუაშიდან, ბავშვიც შეეძინა. რაც ეს თურქეთიდან ჩამოვიდა, არ ვიცი რა მოხდა. ჩემმა შვილმა, ბიჭმა უკან ემჩნევაო დანარტყმევი, ზურგზე. მე გთხოვთ დააკავოთ, ის არაა ჩემი სიძე, მაგას მე მოვკლავ. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, ქმრის გამო მოხდა ეს", - თქვა გარდაცვლილის მამამ ვახო მიქავა.

ეკა მიქავას ცხედარი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print