ახალი ამბები
აქტივისტი მანდატის შეჩერებას ითხოვს დეპუტატისთვის, რომლის ბოსელში თვითმკვლელობა მოხდა
სამოქალაქო აქტივისტი ციცინო შენგელია საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვს. მისი თქმით, ხუბუას ინფორმაცია უნდა ჰქონოდა ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სავარაუდოდ, რომლის შედეგადაც, 35 წლის ქალმა შამგონაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი თვლის, რომ დეპუტატს შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა.

აღნიშნულმა მოთხოვნამ დანარჩენი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით, ხუბუა არავითარ კავშირში არაა და ეს მხოლოდ ოჯახური პრობლემა იყო.

„საკრებულოს წევრები გენდერთან დაკავშირებით ტრენინგებს ნაკლებად ესწრებიან, რაც აუცილებელია. წლის ბიუჯეტში სასურველი იყო გენდერული საკითხები გაწერილი ყოფილიყო“, - დასძინა შენგელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მთავარ ბიუჯეტში გენდერული პროგრამების შესახებ შენიშვნას ღებულობს. რაც შეეხება ზაზა ხუბუას, წოწერია ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაელოდონ.

„მანდატის შეჩერებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუ არ არის სასამართლოს მიერ დადგენილი. რაც შეეხება ზაზა ხუბუას ის არის ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი. სხვა დანარჩენზე კი  მიმდინარეობს გამოძიება და მას დაველოდოთ. რაც შეეხება ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს, რა თქმა უნდა ამ შენიშვნას მე ვღებულობ, უფრო მეტია გასაკეთებელი ამ მიმართულებით. ჩვენ შექმნილი გვაქვს სამოქმედო გეგმა და იმ არასამთავრებო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც გენდერულ საკითხებზე მუშაობენ, დარწმუნებული ვარ ეფექტურ ღონსძიებებს დავგეგმავთ“, - აღნიშნა წოწერიამ.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.  ის ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ გუშინ დააკავა. 
Print