ახალი ამბები
სოხუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა
სოხუმის ცენტრში 22 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ქალაქის სასამართლომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვის მცხოვრებს, 1990 წელს დაბადებულ დათო ახალაიას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2019 წლის 17 დეკემბერს ასევე პატიმრობა შეეფარდა დათო ახალაიას ძმას - დემურ ახალაიას, რომელიც 15 დეკემბერს დააკავეს, წერს „აბხაზია ინფორმი“. ამავე ცნობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა არ სახელდებოდა. გასული წლის 9 დეკემბერს, გამოძიების ფარგლებში, ძებნა გამოცხადდა 1979 წელს დაბადებულ ტყვარჩელის მკვიდრზე, ერიკ ჭკადუაზე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 22 ნოემბერს აღიძრა.

სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან რემოსთან“ ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომლიც იმ დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის 3 დეკემბერს გარდაიცვალა.


Print