ახალი ამბები
მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის და ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენებისთვის სჭირდება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამით არის განპირობებული ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის და უფრო სერიოზული, უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.
Print