ახალი ამბები
გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები 1 600 სტუდენტი სრულად დაფინანსდება
სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1 600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო და სწავლის დასაფინანსებლად 4 მლნ ლარის ოდენობით გამოყო.

„ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეს არის ნაბიჯი, რომელსაც სახელმწიფო უკვე წლებია დგამს და ძალიან მიხარია ის, რომ სტუდენტების, ახალგაზრდების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გვაქვს მზარდი დინამიკა, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ მოსახლეობა არათუ ტოვებს სოფლებს, მიუხედავად ძალიან მძიმე მდგომარეობისა, რომ მათ მავთულხლართების პირისპირ უწევთ ცხოვრება. არამედ კიდევ უფრო მეტი ბავშვი დადის ამ სკოლებში, მაგრდებიან საკუთარ მიწაზე, ბრუნდებიან საკუთარ სოფელში და რა თქმა უნდა სახელმწიფო ცდილობს რომ გვერდში დაუდგეს მათ ამ და სხვა ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ გამყოფი ხაზების გასწვრივ მოსახლეობის დახმარების კომისიის ფარგლებში. ამ კომისიას ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის სამინსტრო და ჩვენი სამინისტრო, ყველა უწყება შედის მასში. განათლების დაფინანსება არ არის ერთადერთი ნაბიჯი. თქვენ იცით, რომ მოსახლეობა სრულად ყოველწლიურად 200 ლარიანი ვაუჩერით ფინანსდება გათბობის ხარჯებისთვის. ასევე ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა წყლით უზრუნველყოფის, როგორც საირიგაციო ისე სასმელი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით და ვგეგმავთ, რომ ეს პროგრამები კიდევ უფრო გავაფართოვოთ, იმიტომ რომ გვერდში დავუდგეთ მართლაც ჩვენს მამაც, გმირ მოსახლეობას, რომელიც არ უფრთხის მავთულხლართებს და იმ უკანონობას რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ , -ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას.




Print