ახალი ამბები
სოხუმში დემონსტრანტები „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ
სოხუმში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ნაწილმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევა მოახერხა. რაულ ხაჯიმბამ შენობა დატოვა. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები "ამცახარა" და "ერთიანი აფხაზეთი" დილიდან სოხუმში აქციას მართავენ. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და ძალოვანი უწყებების მოქმედებებს აპროტესტებენ.

„აფხაზეთის მოქალაქეებო, დადგა დრო ჩვენი სამშობლოს დასაცავად დავდგეთ, პატრიოტების სისხლით მოპოვებული ჩვენი ქვეყანა დამნაშავე ხელისუფლების მიერ ცუდად მართულ ტერიტორიად იქცა“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ მიმართვაში.

„მხოლოდ იმ დანაშაულთა გამოძიება ხდება, რომლებიც არანაირ ზიანს არ მოუტანს ხელისუფლების იმიჯს“,- ნათქვამია „ამცახარის“ მიმართვაში.

ოპოზიცია „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს.

ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელშიც ის „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს.


Print