ახალი ამბები
მარტვილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მარტვილის სოფელ ტალერში შობის ღამეს 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ჯემალ ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, ბრალდებულმა თავად დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

"შობის ღამეს მივიდნენ ჩემთან. გარდაცვლილმა დალია 4-5 ჭიქა ღვინო, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა. რატომ ცხოვრობ საზღვრებს გარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდა. ისევ მოვიდა, დედაჩემმა უთხრა წადი აწი შვილი სახლშიო, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა. მერე მე დამიძახა მოდი აქო. განერვიულებულმა რა ავიღე ხელში არც მახსოვს. შეშინება მინდოდა წადი თორე მოგკლავ-მეთქი, რა დროსაც ყელში მწვდა, დავარტყი მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ და სად", - ამბობს დაკავებული.

მარტვილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 7 იანვარს 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print