ახალი ამბები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: მთავრობას არა აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა. კონსორციუმში ამბობენ, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში მათ მონაწილეობას.

„დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ წყვეტს საინვესტიციო ხელშეკრულებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. კონსორციუმის პოზიციაა, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა. ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირა პროექტისთვის და ეძებნა გამოსავალი, თუ როგორ გადაეჭრა პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხები. მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების ეტაპი - გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო კონსტრუქციული მიმართულებით შეცვლის აღებულ კურსს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არაერთგზის სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რათა არ გამოწვეულიყო პროექტის შემდგომი დაგვიანება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ კონსორციუმს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაიცვას კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესები - ყველა ხელმისაწვდომი იურიდიული ბერკეტის გამოყენებით. კონსორციუმი კიდევ ერთხელ ეცდება, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს დავა სახელმწიფოსთან, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, არ დარჩება სხვა გზა, თუარა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოწყება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი ინვესტორის მოძიებისა და ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მიზნით, დაიწყება პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელი აუცილებელი პროცედურები.



Print