ახალი ამბები
ასლან ბჟანია მოსახლეობას მოუწოდებს სოხუმში მომიტინგეებს შეუერთდნენ
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომდგენლები არ გამორიცხავენ, რომ "დაცვის სახელმწიფო სამსახურმა" სამთავრობო შენობებზე შტურმი დაიწყოს, წერს "აფხაზია ინფორმი". ამასთან დაკავშირებით, "პარლამენტის" დეპუტატმა, ოპოზიციონერმა ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა მივიდნენ "სახალხო კრების" შენობასთან და დემონსტრანტების გვერდით დადგნენ. შესაბამისი ვიდეომიმართვა ბჟანიას ფეისბუკ გვერდზეა განთავსებული.

თავის მხრივ, დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის თქმით, აფხაზური არმია არასოდეს დაუპირისპირდება საკუთარ ხალხს და მის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.

გუშინ რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციას შემოღებას არ გამორიცხავს. მან მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა კი რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილებაც შეიმუშავა.

9 იანვარს რესპუბლიკაში არსებული საზოგადოებრივ - პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილების გამოსახატავად ოპოზიციური ძალების მხარდამჭერები "პრეზიდენტის" ადმინისტრაცის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი შენობაში შეიჭრა, რაულ ხაჯიმბამ შენობა უკანა კარებიდან დატოვა. დემონსტრანტები "პარლამენტის" რიგგარეშე სხდომის მოწვევას და "არჩევნების" შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ 38 ათას 766 ხმა დააგროვეს.


Print