ახალი ამბები
სოხუმი: უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის არჩევნების შედეგები უკანონოდ ცნო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ“ დადგენილ ვადაში უნდა დანიშნოს განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2019 წლის სექტემბერში ჩატარდა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალხას კვიცინიამ - 46.19%.
ალხას კვიცინიამ გაასაჩივრა არჩევნების შედეგები, თუმცა „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ არ დააკმაყოფილა აფხაზი ოპოზიციონერის მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა საჩივრით.

9 იანვარს, საკასაციო კოლეგიის მიერ ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვისას, სოხუმში დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია. მომიტინგეების ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა.

რაულ ხაჯიმბამ შენობა უკანა კარებიდან დატოვა. დემონსტრანტები "პარლამენტის" რიგგარეშე სხდომის მოწვევას და "არჩევნების" შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

იმავე დღეს „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლოს აცილების თაობაზე და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.



Print