ახალი ამბები
სოხუმში "პრეზიდენტობის" კანდიდატების წარდგენა 22 იანვარს დაიწყება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა 22 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. „ცესკომ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და შესაბამისი გეგმა 15 იანვარს დაამტკიცა“, წერს „აფსადგილ ინფო“.

განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნები სოხუმში 2020 წლის 22 მარტს დაინიშნა. 

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია 10 იანვარს ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგები გააუქმა. ხაჯიმბა აღნიშნული გადაწყვეტილებას გაასაჩივრებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ „კენჭს არ იყრის“ მომავალ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში. 12 იანვარს მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

13 იანვარს აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ 22 მარტს დანიშნულ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ოპოზიციიდან, ალხას კვიცინიამ 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. თავდაპირველად, ოპოზიციამ თავის კანდიდატად ასლან ბჟანია წარადგინა, თუმცა ავადმყოფობის გამო, მან ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი „პრემიერ - მინისტრი“ ვალერი ბგანბა გახდა. შესაბამის გადაწყვეტილებას ე.წ. პარლამენტმა 13 იანვარს ერთხმად დაუჭირა მხარი.




Print