ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ თქვა. 

„მთავრობამ გადაწყვიტა კონკრეტული ხელშეკრულება გაუქმებულიყო. სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება ამ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. აუცილებელია არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ გზა ავაშენოთ. ჩვენ ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტი პრაქტიკულად გვაქვს, ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს. ახლა იმაზეა საუბარი, სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს თუ არა იმ გზისთვის, რომლის პორტიც ჯერ არ აშენებულა და მომავალში გვაქვს იმედი, რომ აშენდება“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, გზა ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობისთვის უკვე არსებობს და  მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არა აქვს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პროექტირების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარი იყო.



Print